ჟურნალი ნომერი 1 ∘ თამუნა ჭიჭაღუა ახალი წელი სამეგრელოში (ტრადიცია და თანამედროვეობა)როგორც ცნობილია, ძველ საქართველოში, როგორც საზოგადოდ ყველგან, წინარექრისტიანულ ქვეყნებში, ახალი წლის დღესასწაული დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. ამიტომ შესაფერი რიტუალიც იყო შემუშავებული. მხოლოდ ქრისტიანობის გავრცელებისას, წლის თავი წმიდა ბასილი დიდის ხსოვნას დაუკავშირეს.
სამეგრელოში ახალ წელს რომაული სახელი – „კალანდა“ ჰქვია. ის ითვლება ადამიანის როგორიც სულიერი, ისე ხორციელი ცხოვრების დასაწყისად აქედან მოყოლებული თორმეტი თვის განმავლობაში. გავრცელებული მოსაზრებით, სამეგრელოში კალანდა წარმოდგენილი აქვთ როგორც ღვთაება, რომელიც მოგზაურის სახით მოევლინება ხოლმე შორეული და უცნობი მხრიდან. მათთვის თან მოაქვს როგორც წყალობა, ისე უწყალოება, როგორც სვიანობა, ისე უბედურება. ამ შემთხვევაში, თუ ყველაფერი არა, მთავარი მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სათანადო პატივით დაუხვდება ადამიანი ამ ღვთაებას. ეს დახვედრა გამოიხატება ყოველი საახალწლო წესების შესრულებით [სახოკია, 1956:40]. არქანჯელო ლამბერტის აღწერილობით, „ახალ-წელიწადს დიდ პატივს სცემენ და ფრიად დღესასწაულობენ მეგრელები. მათი აზრით, მთელი წლის ბედნიერება ამ დღეზე არის დამოკიდებული. ამიტომაც ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, უკეთესად იდღესასწაულოს ეს დღე, რომ ამით მთელი წლისათვის ბედნიერება დაიკვებოს“ [ლამბერტი, 1938:137].
„კალანდა“-ს სამეგრელოში ძველად დიდი ზეიმით ეგებებოდნენ და ამ დღისათვის, პირველ ყოვლისა, ამზადებდნენ „ჩიჩილაკს“ ანუ „ქუჩუჩს“. ჩიჩილაკისათვის არჩევდნენ თხილის ან ძეძვის ხეს. კალანდის წინა დღით ოჯახის უფროსი მამაკაცი იწყებდა ჩიჩილაკის მზადებას. ჩიჩილაკის ნათალი უნდა ყოფილიყო გრძელი და ხუჭუჭა, რომელსაც „წილამური“ ეწოდებოდა. ჩიჩილაკის სილამაზე იყო ეს წილამურები, რომელსაც „ბასილა“-ს წვერი ეწოდებოდა. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა გაჩეხილი და შიგ გაყრილი იყო ჯვარედინად წვეტიანი ოთხი ჯოხი, რომლის ოთხივე წვეტზე მიკრული იყო ანთებული სანთლები. ჩიჩილაკს ამკობდნენ ხილითა და ტკბილეულით: ვაშლებით, ბროწეულით, ჩამოჰკიდებდნენ ჩურჩხელებს, კანფეტებს და სხვა. ამასთანავე, ჩიჩილაკს ამკობდნენ აგრეთვე კაკლიანი სუროთი, წითელნაყოფიან კურკანტელათი, კუკუროიან თხილისა და დაფნის ტოტებით. ჩიჩილაკს გარშემო შემოახვევდნენ აბრეშუმის ძაფს, ჩამოჰკიდებდნენ ოქრო-ვერცხლის სამკაულებს, ფულებს და სხვა [მაკალათია, 2006: 363].
ჩიჩილაკი მრავალტოტიან ხეს განასახიერებს და ზედ ჩამოკიდებული სამკაულებით სიმბოლურად გამოხატავს კეთილდღეობას, სიუხვეს, სიცოცხლის განახლება-აღორძინებას. „გამოწყობილ“ ჩიჩილაკს ჯერ მიდგამენ კუთხეში, გვერდით მიუდგამენ თაბახს, რომელზედაც დალაგებულია: საახალწლოდ დაკლული ღორის თავი, შემწვარი ყვერული, ერთი ჯამი სიმინდის ღერღილი და შიგ ჩადგმული კვერცხი. კვერცხი, სხვა ჩამოთვლილ საგნებთან ერთად, ახალ წელიწადს შემოტანილი სიმბოლოა ნაყოფიერებისა და სიუხვისა, რაც კალანდას შემოაქვს ოჯახში. სანამ სახლის უფროსი ჩიჩილაკს აწყობს, დიასახლისი ამ დროს აცხობს საახალწლო – ღორის ქონიან პატარა კვერებს.
დაძინების წინ, ოჯახის მეკვლე უფროსი მამაკაცი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანს მარანში ან სხვა რომელიმე უფრო მოშორებით მდგარ სადგომში და თვითონაც იქ დაიძინებს. ახალი წლის დილას, გათენებისას, მთელს სოფელში ატყდება თოფების სროლა, სადაც მამაკაცი არის, არ შეიძლება თოფის სროლით არ მიეგებოს ახალ წელიწადს. თოფის სროლა ნიშნავს მტრებზე გამარჯვებას და თოფის ხმაზე ხალხის წარმოდგენით, ფრთხებიან ავი და ბოროტი სულები. თოფის ხმაზე გამოიღვიძებს თუ არა მეკვლე, ის მაშინვე გაეშურება წყაროზე ან ჭასთან, ხელ-პირს დაიბანს და წყალსაც მოიტანს. შემდეგ მოწიწებით აიღებს ჩიჩილაკს, სანთლებს აანთებს და დაილოცება. მეორე ხელში მეკვლე დაიჭერს ჯამს, რომელშიაც არის სიმინდის ღერღილი და ზედ კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. მეკვლე ხელში ჩიჩილაკითა და ჯამით შემოუვლის ეზო-კარმიდამოს და დაილოცება ადამიანისა და საქონლის გამრავლებაზე, კარგ და ბედნიერ ახალ წელიწადზე, დოვლათიანობაზე და სხვა. მეკვლე თან სიმინდის ღერღილს თესს და ამბობს: „ღორონთ, ბრელ ახალ წანა გომთანეთ ბედნიერო, ებშათ, ქომუჩით საქონელიშ ძინა, ჯგირ მოსავალი, კოჩიშ ძინა, ძალა-ენერგია“ და სხვა (მეგრ.). „ღმერთო, მრავალი ახალი წელიწადი გაგვითენე ბედნიერად, დოვლათიანად, მოგვეცი საქონელი მრავალი, კარგი ჭირნახული, ადამიანის გამრავლება, ჯანმრთელობა“ და სხვა (ქართ.).
ყველა სადგომს ასეთი ლოცვით რომ შემოუვლის, მეკვლე ბოლოს მიადგება საცხოვრებელ სახლს და კარებზე დააკაკუნებს და სამჯერ დაიძახებს: „კარი გამიღეო“! თეთრებში გამოწყობილი დიასახლისი დაკეტილი კარებიდან სამჯერ ჰკითხავს: „რა მოგაქვსო?“ მეკვლე სამჯერ უპასუხებს: „წმინდა ბასილის წყალობა, ოჯახის მშვიდობა, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვის გამრავლება“ და სხვა. შემდეგ დიასახლისი მეკვლეს კარებს გაუღებს, ოჯახის ყოველი წევრი მიუახლოვდება მეკვლეს, ხელს შეავლებს ჩიჩილაკს, ზედ წამოცმულ მანდარინს, ვაშლში ჩარჭობილ ვერცხლის ფულს, გობზე დაწყობილ სურსათ-სანოვაგეს, მიულოცავენ ერთმანეთს ახალ წელიწადს და გადაკოცნიან. დასახელებული საგნებისათვის ხელის შეხებით ოჯახის ყოველი წევრი, თითქოს დაიბევებს ბევრ ფულსა და სანოვაგეს მთელი წლის განმავლობაში და სხვა. მეკვლე ჩიჩილაკით ხელში, სიმინდის ღერღილის თესვით დაუვლის სახლს და დაილოცება. შემდეგ, დილით წყაროდან მოტანილი ახალი წყლით მორწყავს იატაკს. ამით კალანდას შესთხოვს წვიმას, გვალვისაგან თავის არიდების მიზნით. დასასრულს, მეკვლე ჩიჩილაკს თაროზე შემოდებს, იქვე ჯამს მიადგამს. შემდეგ მეკვლე მიუჯდება საახალწლო სუფრას, რომელზედაც ალაგია ღორის თავი, ხაჭაპური, კვერები, ხილი, ტკბილეული და სხვა. ამის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეუძლიათ ადგომა და მეკვლესთან ერთად საუზმობა.
ახალი წლის მეორე დღე 2(15) იანვარი ხალხური დღეობების ციკლში დასავლეთ საქართველოში ბედობის დღე იყო [აბაკელია, ალავერდაშვილი, ღამბაშიძე, 1991: 33].
სამეგრელოში ახალი წლის მეორე დღეს სრულდება „კუჩხა“-ს (ფერხობა, ბედობა) რიტუალი. „კუჩხა“ დილას ოჯახში არავის შემოუშვებდნენ მეკვლის მოსვლამდე. „კუჩხა“ დღეს, თუ არა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სხვის ოჯახში არავინ გადავიდოდა, არც რამეს ითხოვდნენ და გასცემდნენ, რომ ოჯახს ცუდი რამე არ დაებედოს. ამ დღეს იწვევდნენ მხოლოდ „მაკუჩხურს“ ანუ „მეფეხურს“, რომელიც ფეხბედნიერად ითვლებოდა ოჯახსა თუ სოფელში.
„კუჩხა“ დილას სახლის ჭერზე აისროდნენ ცომის პატარა გუნდებს, სიმინდის ბევრი მოსავალი იქნებაო, იქიდან ჩამოვარდნილი ნამცეცების მიხედვით ამბობდნენ წიწილები რამდენი გვეყოლებაო. შემდეგ წიწილების ამ კვერებს ღომის მარცვლიან ჯამზე დაალაგებდნენ, ღომს სახლში სთესდნენ და იმავე სიტყვებს იმეორებდნენ ქათმების გამრავლებაზე. შემდეგ შემოვიდოდა ოჯახის მეკვლე, რომელიც დაილოცებოდა ქათმების გამრავლებაზე, სახლს სამჯერ შემოუვლიდა და კრუხივით კრუხუნებდა. მეკვლეს მუჭით ფეტვი ეჭირა, მას, უკან ბავშვები მისდევდნენ და წიწილებივით წიოდნენ. ფეტვიან მუჭას მეკვლე წყალში სამჯერ ჩაყოფდა და სინჯავდა, თუ ფეტვი მშრალი იყო, წელიწადი ტაროსიანი იქნებაო, თუ სველი, მაშინ იტყოდნენ ავდრიანი იქნებაო. წყალ-კურთხევამდის (6 იანვრამდის) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ მას შემოაცლიდნენ ტკბილეულს და სამკაულებს, ჯერ ცეცხლს წაუკიდებდნენ და როდესაც თეთრი წვერი დაიწვებოდა, გატრუსულ ჯოხს წყალში გადააგდებდნენ ან ბოსტანში ჩაფლავდნენ, რომ ბოსტანი ჭია-მატლმა არ გააფუჭოსო [მაკალათია, 2006 : 366-367].
თანამედროვე ყოფაში „კუჩხა“ დღეს ყველანი თავ-თავიანთ სახლებში სხედან. მეზობლებს შორის ურთიერთობა შეწყვეტილია: საციქველს (სათხოვარი ნივთი თუ საგანი, რაც ისევ უკან უნდა დაუბრუნდეს პატრონს) არ ათხოვებენ, მსგავსადვე – სხვასაც არაფერს სთხოვენ. სჯერათ, რომ ყოველ ნივთს, ერთი პატრონისაგან მეორის ხელში გადაცემულს, თვისება აქვს – ხელის გაყოლისა, ე.ი. ყოფილი მესაკუთრის ბედ-იღბლის გადასვლისა ახალი მეპატრონის ხელში. ვინც ამ წესს არ აასრულებს, უნდა ელოდოს საკუთარი ოჯახის ხვავისგან დაცლას. სწამთ, რომ ქურდები, გარეული ნადირი და მტაცებელი ფრინველი მის ქონებას ნიავ-ქარს მისცემენ.
ჩვენ დროში ჩიჩილაკის მორთულობა შეცვლილია. ბროწეულს მანდარინი ჩაენაცვლა, რადგანაც დღესდღეობით, ბროწეული შედარებით ნაკლებად ხარობს სამეგრელოში და ფართოდაა გავრცელებული ციტრუსები. აბრეშუმის ძაფიც აღარ შედის მორთულობაში, რადგან, რამდენადაც ვიცით, აბრეშუმის ჭია აღარ ჰყავთ ოჯახებში. ჩიჩილაკის მორთულობაში მნიშვნელოანია სუროსა და თხილის ტოტები, ამიტომ „კუჩხა“ დღეს სავალდებულოა მომსვლელმა მოიტანოს ნედლი რტო ამ მცენარეთაგან (მთხრ. ეთერ ჭიჭაღუა, 65 წლის, ზუგდიდი, ს. ტყაია, 22.11.2015).
საკალანდო ტაბლაზე საპატიო ადგილი უკავია საახალწლოდ მოხარშული ღორის თავს. ცნობილია, რომ წარმართულ სამეგრელოში გავრცელებული იყო მუხის თაყვანისცემა, რომელთაც აკავშირებენ ღორების შეწირვის ტრადიციასთან (ჯავახიშვილი 1960: 94). ასევე, ცნობილია, რომ გარეული ღორს – ტახს საპატიო ადგილი ეკავა სამეფო სუფრაზეც [ხელმწიფის კარის გარიგება, 1920:1]
ამჟამად სამეგრელოში ძველით ახალი წლის შეგებების წესი შემდეგი სახისაა: ძველით ახალი წლის ღამეს (13 იანვარს) გარეთ უშვებენ ბავშვებს, რომ „კირიელეისონის“ გალობით შემოუარონ ოჯახებს და მიულოცონ ამ დღესასწაულის დადგომა. თან მიაქვთ სუროს ტოტები, რომელსაც სახლების კუთხეებში მიაკრავენ. სუროს ფოთლის სიმრავლე ნიშნავს გამრავლებას და სიმდიდრეს. ოჯახები ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, ასაჩუქრებენ: ხილით, ტკბილეულით და ფულით.
ამრიგად, ნაშრომში წარმოდგენილია ძველი აღწერილობა, დამყარებული სამეცნიერო ლიტერატურაზე, სამეგრელოს ტრადიციულ ყოფაში ასახული საახალწლო რიტუალებისა. ამასთანავე, წარმოდგენილია ახალი წლის დღევანდელი აღწერილობა. გამოვლენილია გარკვეული ნოვაციები და ახსნილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. აბაკელია ნ., ალავერდაშვილი ქ., ღამბაშიძე ქ., 1991. ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი. თბილისი
2. ლამბერტი ა. 1938. სამეგრელოს აღწერა. თბილისი.
3. მაკალათია ს. 2006. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. თბილისი.
4. სახოკია თ. 1956. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბილისი.
5. ქართული ძეგლები IV. კანონმდებლობა №1. ხელმწიფის კარის გარიგება. 1920. ტფილისი.
6. ჯავახიშვილი ივ. 1960. ქართველი ერის ისტორია. თბილისი.